პლატფორმა „მდგომარეობებს შორის“ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აცხადებენ იდეების კონკურსს ვებ-გამოფენისთვის "ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები"

იდეის წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2020

იდეა:

“ცხადია, სამყარო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც მანამდე…” ეს ფრაზა 2019 წლის გამოფენის Post.Digital.Dreams-ის ტექსტის ნაწილი იყო; შემოქმედებითი იმპულსებით ნაკარნახევი მოსაზრება, რომელიც სულ ორიოდე თვეში რეალობად იქცა. მოულოდნელად აღმოვჩნდით ფიზიკური იზოლაციის ციფრულ "სამოთხეებში" - ვირტუალური ინტერაქცია საციცოცხლო მნიშვნელობის მოქმედება გახდა. პანდემიით გამოწვეულმა ხდომილებებმა, ეპოქალურად გარდამტეხი ფუნქცია შეასრულეს, რამაც სამყაროს პოლიტ-ეკონომიკური მატრიცის სისტემური ხარვეზები მწვავედ გამოაჩინა. არჩევანი გარდაუვალია - ვამოწმებთ, ვრწმუნდებით, რომ ზუსტად ვიცით, რა ხდება ჩვენ გარშემო, შემდეგ კი - ვენდობით ან ვაკრიტიკებთ, მიყვებით ჰიპერბმულების უსასრულობას იქამდე, სანამ არჩევანის გაკეთება ისეთივე აბსურდული გახდება, როგორც თავად რეალური სამყარო.

რა არის ჩვენი რეზონირებისა და რეაქციის ხარისხი ამ მდგომარეობებთან მიმართებაში? როგორია ჩვენი შემოქმედებითი როლი კრიზისის დროს? ფაქტია, ვებმა და ციფრულმა ინტერაქციამ ჩამოაყალიბა ადამიანის ფსიქო-ფიზიკური ქცევის მოდალობის ახალი კონფიგურაცია - ადამიანი ეკრანის წინ… ადამიანი ვიდეო თვალით.

პროექტი სთავაზობს ციფრულ, ღია სივრცეს არტისტებს, ავტორებს და ზოგადად შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს იდეების, პოზიციებისა და გამოხატვის ფორმების დასაფიქსირებლად. სივრცე, რომელიც გააერთიანებს ათამდე ახალ ნამუშევარს, დღევანდელობის კრიტიკულ გადააზრებისა და მომავლის ხედვებთან კავშირში .

არჩევანი გარდაუვალია, მოქმედება - საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

პროექტის ფორმატი:

ინიციატივა ცდილობს გაიაზროს ვებ-სივრცის საპრეზენტაციო და შემოქმედებითი პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტები.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი არ ითვალისწინებს ვების, როგორც ფიზიკურ სივრცეში უკვე განხორციელებული შემოქმედებითი პროექტებისა და ნამუშევრების კიბერ დანამატის შექმნას ან/და მასში დოკუმენტაციების განთავსებას.

ნაცვლად ამისა, ვებ-გამოფენა უპირველს ყოვილისა ფორმის თვალსაზრისით ეცდება გაიაზროს მისი, როგორც სივრცის მოცემულობა, შესაძლებლობები და საზღვრები. უფრო კონკრეტულად, პროექტი ცდილობს ონლაინ ახალი ცოდნის პროდუქციის შესაძლებლობის გაჩენას, რომელიც ეცდება შემდეგ კითხვებს უპასუხოს: რა არის ის გარდაუვალი მდგომარეობა, რაშიც აღმოვჩნდით? რა შემოქმებითი სტრატეგიები შეიძლება შევთავაზოთ დღევანდელ გარემოს, ადამიანებს? საერთოდ აქტუალურია ჩვენი არსებული უნარები და კომპტენცია რეალობასთან მიმართებაში? იქნებ დადგა უკვე მომენტი, როცა რეალობად იქცა მრავალგზის პროგნოზირებული მოსაზრება არესბული პროფესიების დიდი უმრავლესობის უფუნქციოდ დარჩენის თაობაზე? რა არის ყველაფერთან მიმართებაში ქართული ვებ-სივრცე? როგორია კიბერ საზრისის გეოგრაფია? საერთოდ რამეს ნიშნავს ტერიტორიალურობის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხები ვებთან მიმართებაში?

წარმოიდგინეთ, ვებ სივრცე, ცარიელი თეთრი გვერდი, როგორც თქვენი ქმედების არეალი.

კონკურსის აღწერა:

  • კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ის ავტორები, რომელთაც სურთ იმუშავონ ისეთი მიმართულებით როგორიცაა: ვებ პლატფორმა, როგორც საპრეზენტაციო სივრცე (ინტერფეისი) და მისი ახლებული გამოყენება;
  • კონკურსის ფარგლებში, ვებ-გამოფენისათვის შეირჩვევა 10 იდეა, რომლის საბოლოო პრეზენტაცია ვებ-პლატფორმაზე განხორციელდება მიმდინარე წლის მაისში;
  • შერჩეული პროექტებისთვის გათვალისწინებულია ფინინსური მხარდაჭერა პროექტის საერთო ბიუჯეტიდან გამომდინარე; კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მედიუმს, სფეროსა თუ დისციპლინაში მომუშავე ადამიანს;
  • იდეა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ფორმატით: ინსტალაცია-ობიექტი, კვლევა, პერფორმანსი, პროტოტიპი, კომპიუტერული პროგრამა, ექსპერიმენტი, ვორქშოფი, ლექცია, ფილმი, თამაში და ა.შ; თუმცა ნებისმიერი შემოთავაზებული იდეა უნდა იყოს გააზრებული საგამოფენო ფორმატთან მიმართებაში კერძოდ: როგორ ხდება მედიუმუსა და ვებ სივრცის ინტეგრაცია;
  • კონკურსში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ნამუშევრის იდეის წარმოდგენა;

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:

  • მაქსიმუმ ერთ გვერდზე ნათლად ჩამოყალიბებული ნამუშევრის იდეა; არსებობის შემთხვევაში იდეის ვიზუალური პრეზენტაცია ნებისმიერი მოსახერხებელი ფორმატით (ფოტო, სკეჩი, ჩანახატი, გრაფიკული გამოსახულება, რენდერი, დამატებითი ტექსტი, ვიდეო, საუნდი და ა.შ);
  • პორტფოლიო ან CV საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
  • თუ ფაილის ზომა აღემატება ელექტრონული ფოსტით დაშვებულ ლიმიტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Drive-ის, Wetransfer-ის ან თქვენთვის უფრო დაცული file sharing-ის მეთოდი;

როგორ აგზავნით იდეას?

ელექტრონულ ფოსტაზე: inbetweenconditions@gmail.com

იდეების შერჩევის ვადები:

  • იდეის წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 აპრილი, 00:00 (GMT+4);
  • გამარჯვებული იდეების ავტორებთან დაკავშირება მოხდება კონკურსის ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღეში;

თანამშრომლობა:

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აგრძელებს პლატფორმასთან “მდგომარეოებებს შორის” თანამშრომლობას. ამ პარტნიორობის შედეგად რამდენიმე საინტერესო პროექტი განხორცილდა. მათ შორის, ტრანსმედიალეს კინო კურატორის და მკვლევარის ფლორიან ვუსტის ლექცია და ჩვენებების სერია (2019 წ.) და საგამოფენო პროექტის Post.Digital.Dreams ფარგლებში გერმანიაში მცხოვრები, ახალი მედია ხელოვნების მიმათულებით მომუშავე ხუთი ქართველი ხელოვანის ნამუშევრის განხორციელება და პრეზენტაცია.