მე ვწუხვარ ბაღზე

„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია დასასრულის წინათგრძნობაზე, რომელიც დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ.

საბჭოთა კავშირის კოლაფსამდე რამდენიმე წლით ადრე დაბადებული არტისტებისთვის, დასასრულის განცდა მეხსიერების და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გლობალური სამხრეთის არასტაბილური გარემო სხვადასხვა სახის დასასრულის მუდმივ მოლოდინს განაპირობებს. დასასრულის, რომელიც ყოველთვის გაქრობას არ გულისხმობს და თავის თავში რაღაც განსხვავებულის დასაწყისს მოიცავს. თუმცა, ხშირად, აქ განვითარებული მოვლენების დრამატურგია დისტოპიური რეალობისა თუ საზარელი ზღაპრის სიუჟეტს ემსგავსება. მეტაფორული ბაღი, რომელიც ხმება, კვდება, ცეცხლი უკიდია და ცარიელია.

პროექტის სათაური ცნობილი ირანელი პოეტის ფორუყ ფაროხზადეს (1934-1967) ლექსის სათაურს იმეორებს „მომაკვდავ ბაღზე“, რომელიც ავტორის ძლიერი ეკო-ფემინისტური პოზიციიდან ქალისა და მის გარშემო ცვალებადი სამყაროს გრძნობისმიერ ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს.

ბაღი, როგორც ჰარმონიული გარემო, მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. ნამუშევარში არასწორხაზოვანი თხრობით ნაჩვენებია ანთროპოცენის ეპოქის ბაღი - შეძრული დედამიწა, რომელიც სცილდება ობიექტურ რეალობას და ირყევა ადამიანის ქმედების შედეგად. ნამუშევარში წარმოდგენილი სცენები რეალური ადგილების გამოსახულებების, და ფრაგმენტებისგან აწყობილი თავსატეხია. დაცარიელებული გარემო მიტოვებულ ვიდეო-თამაშს ჰგავს, სადაც ადამიანი არ ჩანს. ჩანს მხოლოდ მისი კვალი, გამოუსწორებელი შეცდომები და დედამიწის ნაიარევი.

“მე ვწუხვარ ბაღზე” დაკვირვებაა დასასრულის ნიშნებზე: ჰორიზონტი ცეცხლშია გახვეული, ქალაქი დაცარიელებულია, სიტყვების კედელთან ჯაჭვით დაბმული ძაღლი ყეფს, ცარიელი ოფისის კედლები იბზარება, სუპერმარკეტის თაროები მწერებმა დაისაკუთრეს. VR ექსფერიენსის ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია - აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. ვირტუალური ბაღი ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილას, 600 - მდე მცენარე გაქრა.

ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგის თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვით-გენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR ექსფერიენსი კი ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სურეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.

"მე ვწუხვარ ბაღზე" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

კომისარი: მაგდა გურული

კურატორები: "მდგომარეობებს შორის" - გიორგი სპანდერაშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე\

CTO: ალექს ლაშხი, StormBringer Studios OÜ
ხმის დიზაინერი / კომპოზიტორი: დავით ხორბალაძე
გამოფენის დიზაინერი: ლუკა მუროვეკ (ჩ), raumlaborberlin გრაფიკული დიზაინი: ელენე თოიძე
პროექტის მენეჯერი: თამარ თოფურიძე
კონსულტანტ/ბიოლოგი გადაშენების პირას მყოფი მცენარეების საკითხებში: რაფაელ გოვაერტსი

დამატებითი მხარდაჭერა:
TBC Concept, Goethe-Institut Georgien, cARTveli Art Foundation

გამოფენის თარიღები: 2022 წლის 23 აპრილი - 27 ნოემბერი
ინაუგურაცია: 22 აპრილი, 5-10 სთ

Სამუშაო საათები
გახსნის კვირა: 20–22 აპრილი
23 აპრილი–25 სექტემბერი: 11:30–19:30
26 სექტემბერი–27 ნოემბერი: 10:30–18:30
დაკეტილია სამშაბათს

მდებარეობა: Spazio Punch, Fondamenta S. Biagio, 800/O, Giudecca, 30133 ვენეცია
ვებ-გვერდი: www.ipitythegarden.com