“მდგომარეობებს შორის” აცხადებს იდეების კონკურსს გამოფენისთვის POST.DIGITAL.DREAMS

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 25 სექტემბერი

გამოფენის იდეა:

Post.Digital.Dreams ეს არის რეფლექსია დღევანდელ ცვალებად ეპოქასთან მიმართებაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფესი ტემპი, ციფრული ინფორმაციის გავრცელების უმართავი პროცესები, დროისა და სივრცის მუდმივი ინტერნეტკავშირი, მედია მანიპულაციები, ყალბი “ცოდნები” და ინფორმაცია, ალტერნატიული თუ სიმულაციური რეალობები ფუნდამენტურად [გარდა]ქმნის ადამიანის, როგორც აღქმის ისე გამოხატვის პერსპექტივებს.

პოსტ-ციფრულ ერაში აღარ გვიკვირს ტექნოლოგიური მიღწევები, აღარ გვიკვირს შავი ხვრელის პირველი ფოტო-გამოსახულება, მარსის კოლონიზაციის გეგმა, ილონ მასკის საყოველთაო ინტერნეტ-კავშირის იდეაფიქსი, არც ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურობა, ნეირომეცნიერების განვითარება, ცნობიერების ატვირთვა, მარადიული ციფრული სიცოცხლე, აღარც მედიის და მედიუმის მანიპულაციის თემა, აღარც სოციალურ ქსელებში გადაბარგება და იქიდან ვირტუალურისა და რეალურის ზღვარზე არსებობა წარმოადგენს განსაკუთრებული ყურადღების საგანს.

ერთი რამ ცხადია, გარემო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო. აპოკალიფსი და დემონები, რომელიც კაცობრიობის კოლექტიური ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, არასდროს ყოფილა მატერიალიზებასთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, სადაც ჩვენ ამ ყველაფერზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ეს ყველაფერი იქცა ჩვენი აზროვნების ნაწილად. შესაძლოა, მომავლის პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელია - ვადაპტირდებით, ვტრანსფორმირდებით, მოვერგებით, დავიბადებით და მოვკვდებით. თუმცა, ეს უკანასკნელი საეჭვოა... უკვდავების რეალობად ქცევის პერსპექტივა ასე ხელშესახები არასდროს ყოფილა. ჩვენი გონება, ჩვენს მიერ ოდესმე განცდილი თითოეული წამი, შესაძლოა ტრანსფორმირდეს უკვადების დაუსრულებელ, სხეულებრივი მონაცვლეობის წრებრუნვაში. ამ ყველაფერის ფონზე, იმ ფაქტს, რომ გლობალური, “ტექტონური” ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების პერიოდში ვცხოვრობთ, ვერსად გავექცევით. პერიოდში, სადაც არსებული მდგომარეობა ნაცვლდება ახლით.

და მაინც, რა არის ჩვენი ინდივიდუალური გამოხატვის როლი აქ და ახლა? სად ვართ ჩვენ და სად არის პოსტ-პოსტ რეალობის ხატება? ან რა არის ახალი სამეტყველო ენა, რომლითაც ამ რეალობაზე ვსაუბრობთ?

კონკურსის აღწერა:

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ის ავტორები, რომელთაც სურთ იმუშავონ ახალი მედია ხელოვნებისა და მეცნიერების, ინტერდისციპლინური და ექსპერიმენტული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დარგისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანს;

  • კონკურსის ფარგლებში, გამოფენისთვის Post.DigitaL.Dreams, რომელიც დაგეგმილია 2019 წლის დეკემბერში, შეირჩევა 10 გამარჯვებული იდეა;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მედიუმს, სფეროსა თუ დისციპლინაში მომუშავე ადამინიას, ვინც სხვადასხვა [მედია] სახელოვნებო და სამეცნიერო პრაქტიკების მეშვეობით ეხმიანება გამოფენის კონცეფციასა და პრობლემატიკას;
  • იდეა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ფორმატით: ინსტალაცია-ობიექტი, კვლევა, პერფორმანსი, პროტოტიპი, კომპიუტერული პროგრამა, ექსპერიმენტი, ვორქშოფი, ლექცია, ფილმი, თამაში და ა.შ;
  • კონკურსში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ნამუშევრის იდეის წარმოდგენა;
  • საგამოფენო სივრცე(ები) დამოკიდებულია თავად გამარჯვებულ იდეებზე.
    განმარტება: საგამოფენო სივრცე შესაძლებელია იყოს თავად იდეის ნაწილი, შესაბამისად, კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ხედვა იდეის პრეზენტაციასთან დაკავშირებით;

ვის მიენიჭება უპირატესობა?

  • უპირატესობა მიენიჭება მულტიდისციპლინურ მიდგომაზე, ასევე მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ხელოვნების სინთეზზე დაფუძნებულ იდეებს;
  • უპირატესობა მიენიჭება ასევე ისეთ პროექტებს, რომელიც ეხმიანება საქართველოში არსებულ სამეცნიერო კვლევით რესურსებს, ინსტიტუციებსა თუ სივრცეებს;
  • კვლევით პრაქტიკაზე დაფუძნებულ იდეებს;

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:

  • ერთ გვერდზე ნათლად ჩამოყალიბებული ნამუშევრის იდეა; განხროციელებისთვის საჭირო ტექნიკური/მატერიალური რესურსების ჩამონათვალი;
  • არსებობის შემთხვევაში იდეის ვიზუალური პრეზენტაცია ნებისმიერი მოსახერხებელი ფორმატით (ფოტო, სკეჩი, ჩანახატი, გრაფიკული გამოსახულება, რენდერი, დამატებითი ტექსტი, ვიდეო, საუნდი და ა.შ);
  • თუ ფაილის ზომა აღემატება ელექტრონული ფოსტით დაშვებულ ლიმიტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Drive-ის, Wetransfer-ის ან თქვენთვის უფრო დაცული file sharing-ის მეთოდი;
  • სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც შევძლებთ თქვენთან დაკავშირებას (ტელეფონი, ელექტორნული ფოსტა)
    პორტფოლიო ან CV;

როგორ აგზავნით იდეას?

ელექტრონულ ფოსტაზე:
inbetweenconditions@gmail.com

გამარჯვებული იდეების შერჩევის პროცესი და ვადები:

გამარჯვებული იდეების ავტორებთან დაკავშირება მოხდება კონკურსის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში. ამის შემდეგ კი დაიწყება აქტიური კომუნიკაცია, ნამუშევრის ბიუჯეტის შემუშავება და მუშაობა გამოფენისათვის იდეის მოსამზადებლად;

საკონკურსო პერიოდში შესაძლებელია საკონსულტაციო შეხვედრების დაგეგმვა;

პროექტი ხოციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.