პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში წარმოგიდგენთ მედია ხელოვნების გამოფენას "სიმულაციური ველები", რომელიც აერთიანებს ქართველი ავტორების ვიდეო თამაშების ფორმით შექმნილ ნამუშევრებს

გამოფენა გაგრძელდება 9 ივლისის ჩათვლით და ღია იქნება: ორშაბათი-პარასკევი: 12:00 - 19:00 | ხუთშაბათი: 16:00 - 21:00

იდეა:

გლობალური ცვლილებების ნაკადი, პარადოქსული რეალობები და ვირტუალურობის სიჭარბე მომავლის ხედვას ბუნდოვანს ხდის. სიმულაციური გარემო ყოფიერების უსასრულო რეპლიკაციად იქცა, სადაც თამაშის წესები მუდმივად გარდაიქმნება. გამოფენა “სიმულაციური ველები" მულტიმედია ნარატივის საერთო ხაზს ქმნის, სადაც პირობითი შესაძლებლობებისა და დიალოგის ფორმები წარმოსახვით განზომილებებში ინაცვლებს: ვირტუალურობა, როგორც პოეტური თხრობის მთავარი მედიუმი, სადაც გამოსახულება, ხმა, ატმოსფერო, სიტყვა და სივრცულობა ერთიან გამოცდილებაში აისახება. ავტორები არამატერიალურ ტერიტორიებს ითვისებენ და იკვლევენ ვიდეო თამაშების მხატვრულ შესაძლებლობებს.

როგორ ახდენს ვიდეო თამაშები საკუთარი სემიოტიკით კულტურის კონტექსტში ადაპტირებას, არსებობას და „ბრძოლის ველის განვრცობას"? რა არის თამაში - კოლექტიურ ცნობიერში ჩანერგილი კულტურული კოდი, მიდრეკილება, ბედისწერა თუ არჩევანი? იქნებ დაუსრულებელი გადარჩენის რეჟიმი ან ავატარიდან ავატარში სრულყოფილი მესიის ძიება?

“სიმულაციური ველები” პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” მეოთხე გამოფენაა, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენა ვიდეოთამაშის ციფრული და ვიზუალური კულტურის ქართულ კონტექსტში განვითარების პროცესებს ასახავს და ერთიანი სახით წარადგენს ახალ სახელოვნებო იმპულსებს. გამოფენა ასევე მოიცავს ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას, როგორც ექსპოზიციის არსებით ნაწილს.

მონაწილეობენ:
ვასილი მაჭარაძე მანანიკო კობახიძე, ანუშკა ჩხეიძე და დენის ჰოფმანი მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე ნიკოლოზ კაპანაძე

კურატორები:
ვატო ურუშაძე ხატია ჭოხონელიძე გიორგი სპანდერაშვილი

ექსპოზიციის დიზაინი:
ლადო ლომიტაშვილი

პროექტი ხორციელდება: განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, 9 მთა

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი
სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი

დასწრება თავისუფალია

ახალი მედია გამოფენა "სიმულაციური ველები"
ახალი მედია გამოფენა "სიმულაციური ველები"